Sunday, May 10, 2015

სკოლის ისტორია

ლაშის სკოლა ერთ-ერთი უძველესი სკოლაა ხარაგაულის რაიონში. მისი ისტორია XIX საუკუნიდან იწყება. საგაზეთო პუბლიკაციებზე დაყრდნობით ლაშეში 1893 წელს მღვდელ გიორგი მანჯავიძის მიერ დაარსებულა ორკლასიანი საეკლესიო-სამრევლო სკოლა. სადაც მასწავლებლად მოწვეულ იქნა ქუთაისის სასულიერო ორკლასიანი სასწავლებლის კურსდამთავრებული ივანე მანჯავიძე. სკოლას არ გააჩნდა მატერიალური ბაზა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო, არცაა გასაკვირი, რადგან ცარისტული ხელისუფლება არ ზრუნავდა განათლებაზე. სკოლა ეკლესიის შენობაში იყო განთავსებული და დახურვის პირას იყო. თავადმა გ. აბაშიძემ კი  სკოლა დახურვას გადაარჩინა 1899 წელს (,,ივერია“1899 წ. №265). სკოლის შენობის ასაგებად ადგილი გამოყო კიდეც.
ლაშელ  აბაშიძეთა სასახლეში ხშირად  იმართებოდა ვახშმიანი საღამოები, სადაც გროვდებოდა შემოწირულობები და ხმარდებოდა სკოლის მშენებლობას.
მეოცე საუკუნის დასაწყისში დასავლეთ საქართველოს  ეპარქიის დედაქალაქ ქუთაისში დუღდა და ჰყვაოდა კულტურულ- ლიტერატურული ცხოვრება. ამ პერიოდში გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ ხელდასმული მღვდელი სიმონ მჭედლიძე აარსებს სარწმუნოებრივ- ზნეობრივ გაზეთს ,, შინაური საქმეები“ , შემდეგ კი -,,იმერეთის სარწმუნოებრივ- -განმანათლებელ ძმობას“. მღვდელი სიმონ მჭედლიძე მოღვაწეობდა სოფელ ლაშეში, უჩამეთსა და ხემაღალში. აქ ეწეოდა სასულიერო ცხოვრებას. ნამდვილ მამულიშვილს მიაჩნდა, რომ აუცილებლობას წარმოადგენდა სოფელში სკოლის არსებობა, რადგან გლეხობას უნდა მიეღო სწავლა-განათლება, ესწავლა წერა-კითხვა.
...და ჩაუდგა სათავეში ხალხს, შემოიკრიბა თანამოაზრეები: გრიშა აბაშიძე, არტევან კვინიკაძე სხვები და სხვები და დაიწყო სკოლის მშენებლობა. 1918 წელს კი დამთავრდა კარგი, კაპიტალური, ორსართულიანი ქვითკირის შენობა, რომელიც აიგო ხალხიდან შემოწირული სახსრებით.
 მისი პირველი გამგეც სწორედ მღვდელი სიმონ მჭედლიძე გახლდათ და სიცოცხლის ბოლომდე განაგებდა მას.
სკოლაში  ჯერ ორკლასიანი,  ოთხკლასიანი და რვაკლასიანი სწავლება მიმდინარეობდა, ხოლო 1958 წლიდან  საშუალო სკოლად გადაკეთდა, ახლა კი აქ 12 წლიანი სწავლებაა. სკოლის ინიციატივით მას წმინდა მღვდელმოწამის სიმონ მჭედლიძის სახელი მიენიჭა. 1998 წელს სკოლაში აღინიშნა   მისი დაარსებიდან 80 წლის იუბილე. სკოლას ეწვივნენ წმინდა მღვდელმოწამის შთამომავლები: შვილი მარგალიტა მჭედლიძე, შვილიშვილები პროფესორი დამანა მელიქიშვილი, კინორეჟისორი დამანა მელიქიშვილი და შვილთაშვილები. სკოლას გადასცეს ხატები, ბიბლია და წმინდა მღვდელმოწამის სურათი. სკოლა აკურთხა მარგველმა ეპისკოპოსმა მეუფე კონსტანტინემ.

2015 წლის 16 თებერვალს სკოლაში აღინიშნა წმინდა მამის დაბადებიდან 150 წლის იუბილე.