სკოლაში ჩავატარეთ ესეების კონკურსი ,,ჩემი სკოლა". მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია სკოლის ისტორიის შესახებ და დაწერეს ესეები.
კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა გიორგი ქველიაშვილის ესე ,,ჩემი სკოლა", რომელიც გაგზავნილი იქნა
ჟურნალ ,,ამბიონის" მიერ გამოცხადებულ კონკურსში. გიორგი ქველიაშვილის წერილი გამოცხადდა გამარჯვებულად და ამბიონის რედაქციის სიგელიც დაიმსახურა.
გთავაზობთ ჟურნალ ,,ამბიონში გამოქვეყნებულ წერილს:
ქართველები ხშირად ვამაყობთ ჩვენი წარსულით, ადათ-წესებით, ქართული ხასიათით, რელიგიით და სხვა მრავალით და ხმამაღლაც გავიძახით: -რაც კარგები ვართ, ქართველები ვართო. სხვა საკითხია, როგორ ვუვლით მამა-პაპათა დანატოვარს და რამდენად სწორად გადავცემთ მას თაობიდან თაობას.
მიხარია, რომ მომეცა საშუალება ინტერნეტჟურნალ “ამბიონის” საშუალებით ფართო საზოგადოებისთვის გამეცნო ჩემი სკოლა და მისი დამაარსებელი წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძე, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე განაგებდა კიდეც მას.
პატარაობიდანვე მიწევდა ამ სკოლის კედლებში ყოფნა, რადგან დედაც აქ მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად და მონუსხული შევჩერებოდი ხოლმე კედლიდან მომზირალ წმინდანის სახეს.
ლაშის საჯარო სკოლა 1918 წელს აშენდა. იმ დროს, როდესაც ჩვენს სოფელში მღვდელი სიმონ მჭედლიძე სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა, ცხადია, სკოლის აშენება ადვილი საქმე არ იყო. არ არსებობდა ფულადი სახსრები, მუშახელი და სხვა რესურსი, მაგრამ მან ეს პრობლემა წარმატებით გადაჭრა. შეირჩა მკვიდრი ადგილი რკინიგზის ახლოს კლდოვან მაღლობზე. მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობა დაუსაქმებია, თვითონაც არ ერიდებოდა ფიზიკურ შრომას. მოსახლეობის შემოწირული თანხებითა და მათი დაუღალავი შრომის შედეგად მალე ლამაზი, ორსართულიანი, ჭერმაღალი, ფართო ოთახებიანი სკოლა აუშენებია. სკოლაში სწავლება ოთხკლასიანი, შემდეგ კი რვაკლასიანი ყოფილა. ახლა კი თორმეტწლიანი სწავლებაა.
ქართულმა ეკლესიამ კომუნისტურ ხანაში მძიმე ჟამი გამოიარა. იმ ძნელბედობის დროსაც ჰყავდა ქართულ ეკლესიას ქრისტეს ერთგული, სამშობლოსთვის თავდადებული მსახურები, რომლებიც ვერ გატეხეს, ვერ დაიმორჩილეს, მათ ორი ბატონის მორჩილებას თავგანწირვა და ტანჯვა არჩიეს. მათ შორის იყო მღვდელი სიმონ მჭედლიძე. დიდი მამულიშვილი ეროვნული იდეების გამო შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ,,ცრუ მოძღვართა“ აღზრდილებმა, რომელთაც კალმითა და სიტყვით ებრძოდა მღვდელი სიმონ მჭედლიძე და მისი გაზეთი ,,შინაური საქმეები“, შეიპყრეს იგი და მასთან ერთად მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა, მღვდელი გერმანე ჯაჯანიძე, იერეთეოზ ნიკოლაძე და პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე და 1924 წლის მარიამობა ღამეს დახვრიტეს საფიჩხიის ტყეში, ჯერ კიდევ ცოცხლებს კი მიწაც მიაყარეს. 1995 წლის 15 სექტემბერს მღვდელი სიმონ მჭედლიძე სხვა ახალმოწამეებთან ერთად წმინდანად შეირაცხა.
ხარაგაული მიგრაციული რაიონია. ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირე, მიგრაცია სკოლაზეც აისახა. ჩვენთან მხოლოდ 31 მოსწავლე სწავლობს. ყოველწლიურად მატულობს სოფლიდან ქალაქად ლუკმა-პურის საშოვნელად წასულთა რიცხვი. ვინც მამა-პაპათა კერას არ აცივებს, მათაც ქალაქისკენ უჭირავთ თვალი. არადა, სოფელმა შემოგვინახა ერთმანეთის სიყვარული, ურთიერთგატანა, სამშობლოს არდათმობა და სარწმუნოების სიყვარული. სკოლის კონტიგენტი კი მცირდება და მცირდება… მიუხედავად ყველაფრისა მომავალს მაინც იმედიანად ვუყურებთ. მახსენდება ჩვენი სკოლის ყოფილი დირექტორის ახლა კი ქართულის მასწავლებლის ჯუმბერ კვინიკაძის სიტყვები: ,,მასწავლებლობა ნებისმიერ შემთხვევაში მეტად რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობაა, მით უფრო, როცა წმინდანის სახელობის სკოლაში მუშაობ, თუმცა, არანაკლებია იმ მადლის ძალა, რომელიც სკოლაში ტრიალებს“. მართლაც იგრძნობა დიდი მადლი და წმინდანის მფარველობა ჩვენს სკოლაში.
ამჟამად, სკოლას ხელმძღვანელობს ქალბატონი ნათელა აბესაძე. სკოლაში შექმილია სწავლა-სწავლებისათვის საუკეთესო გარემო. მოსწავლეები ჩართულნი ვართ საერთაშორისო პროექტებში. ხშირად ვიწვევთ გამოჩენილ ადამიანებს სკოლაში. მათ შორის მინდა გამოვარჩიო მწერალ დათო ტურაშვილის, აგრეთვე ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსის მეუფე დიმიტრის სტუმრობა. ,,ბედნიერი ვარ და ვამაყობ იმით, რომ ეს სკოლა დავამთავრე- აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ, – თუმცა მაშინ ვერ ვიაზრებდი, რას ნიშნავდა იმ სასულიერო პირის მიერ დაარსებულ სკოლაში სწავლა, რომელიც შემდეგ წმინდანად შერაცხეს. მინდა ყველას მოვუწოდო, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ მშობლიურ სკოლას დავუდგეთ გვერდით. არ დაგვავიწყდეს პედაგოგები, რომლებმაც ცოდნას გვაზიარეს, ის მერხი, სადაც ვისხედით და ჭერი, რომელიც გვფარავდა. რა საშუალებაც გვექნება იმით უნდა დავეხმაროთ სკოლასა და სოფელს “.
რამოდენიმე წლის წინ სკოლას სტუმრობდნენ წმინდა მღვდელმოწამის შთამომავლები, ქალბატონები კინორეჟისორი ნანა მჭედლიძე და პროფესორი დამანა მელიქიშვილი. სიყვარულით მოგვიკითხეს და დაგვლოცეს: ,,დაე, გფარავდეთ ამ სკოლის ამშენებლისა და მისი პირველი გამგის მადლი და მეოხება, დაე, მისი ღირსეულად განვლილი გზა და მოწამეობრივი აღსასრული ყოფილიყოს თქვენთვის ორიენტირი!“ მეამაყება, რომ მეც ამ სკოლის მოსწავლე ვარ.
გიორგი ქველიაშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლა
მერვე კლასის მოსწავლე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლა
მერვე კლასის მოსწავლე
გიორგი ქველიაშვილი – “ჩემი სკოლა” – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლა
No comments:
Post a Comment